კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი დასაშვები ხდება
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გამოყენების სამართლებრივი ნორმები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არსებული აკრძალვის პირობებში, გამონაკლისი წესდება და დასაშვები ხდება, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი.
პროექტით დგინდება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების სპეციალური სალიცენზიო რეჟიმი. კერძოდ, პროექტის თანახმად, ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში.
ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ კვლავ დაუშვებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით განისაზღვრება ლიცენზიის მიღების პროცედურა, სალიცენზიო პირობები, საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები, მათ შორის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში მოხვედრისა და სხვა პროდუქტებთან შერევის პრევენციის, მიკვლევადობის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების კონტროლის წესები.
გარდა ამისა, ცვლილებებით ფართოვდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში ასახული ინფორმაციის ფარგლები და ზუსტდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები იმპორტის კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესში.