კანონპროექტის მიხედვით, სააფთიაქო ნარკომანია ნარკოდანაშაულს გაუტოლდება
კანონპროექტის მიხედვით, სააფთიაქო ნარკომანია ნარკოდანაშაულს გაუტოლდება

ჩვენ ბევრ კოლეგას, ისევე როგორც საზოგადოების ბევრ წევრს, არასწორი წარმოდგენა აქვს, თუ რას ეხება ნარკოპოლიტიკის რეფორმა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ, დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული და არა – საპატიმრო.

“დიდი იმედი გვაქვს, რომ შევჯერდებით. ჩვენ ბევრ კოლეგას, ისევე როგორც საზოგადოების ნაწილს, არასწორი წარმოდგენა აქვს, თუ რას ეხება ეს ცვლილებები, რომელიც არის შემოთავაზებული. ხშირ შემთხვევებში ჩვენს კოლეგებს ეშლებათ ლეგალიზაცია დეკრიმინალიზაციაში, რადგან არ არიან სპეციალისტები. ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული დადგენილი ოდენობის ფარგლებში და არა საპატიმრო. კანონპროექტი არ გულისხმობს, რომ ამით ხდება მოხმარების წახალისება, ან გასაღებაზე ზომების შემცირება. ეს საკანონმდებლო პაკეტი გარკვეული მიმართულებებით გულისხმობს გამკაცრებასაც. მაგალითად, სააფთიაქო ნარკომანია გაუტოლდება ნარკოტიკულ დანაშაულს, რაც ჩემი აზრით, გამოიწვევს მნიშვნელოვან პრევენციულ ეფექტს”, – განაცხადა ზოიძემ.

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა” და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, სასტუმრო “ბილთმორში” კონფერენცია სახელწოდებით “ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში” გაიმართა. კონფერენციაზე “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” მიერ მომზადებულ კანონპოეტზე იმსჯელეს.