მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირას დაგეგმილი საკითხები განიხილეს
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირას დაგეგმილი საკითხები განიხილეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 25 მაისს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრი წარდგება, 27 მაისს კი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მივლენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრები.

აღნიშნულის შესახებ მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, მიმდინარე კვირა პარლამენტისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იქნება.

„ზეგ იქნება მინისტრის საათი და ამ ფორმატში საქართველოს რეგლამენტის მოთხოვნების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგება ინფრასტრუქტურის მინისტრი და შეეხება ძალინ ბევრ თემას, რომელიც სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. ასევე, პარასკევს ჩვენ გვექნება საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე – ინტერპელაციების დღე, როდესაც პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრები შესაბამისად, იმ კითხვებისა, რომელიც ჩვენმა ფრაქციამ და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ფრაქციებმა გაუგზავნეს მათ. ამით დასრულდება სასესიო კვირა. ძალიან ბევრი მიმდინარე მსხვილი პროექტი ხორციელდება, ეს ყურადღების მიღმა რჩება, ამაზე ისაუბრებს ოთხშაბათს ინფრასტრუქტურის მინისტრი “, – განაცხადა მდინარაძემ.