კანკავა ყაზახეთში ტურის ფეხბურთელად აღიარეს
კანკავა ყაზახეთში ტურის ფეხბურთელად აღიარეს

კოსტანაის „ტობოლმა“ პავლოდარის „ირტიშს“ უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დაასრულა. ამ შეხვედრის შემდეგ „ტობოლის“ ქართველი მოთამაშე ჯაბა კანკავა ყაზახეთის პროფლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა პროგრამა „ინსტატის“ მონაცემების საფუძველზე პრემიერლიგის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

„კანკავამ მაღალი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. „ტობოლის“ ჩამშლელი ნახევარდამცველი მოედანზე ბოლომდე იხარჯება და შეუძლებელია, პატივისცემა არ დაიმსახუროს. „ირტიშთან“ შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა ორთაბრძოლების 78% მოიგო, მის ანგარიშზეა 8 ართმევა და 6 ჩაჭრა, 9–ჯერ მოიგო ბურთისთვის ბრძოლა, 4 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 56 გადაცემა გააკეთა, რომელთა 84% ზუსტი აღმოჩნდა. InStat Index-ის პროგრამით მოპოვებული 286 ქულით ჯაბა ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა“, – წერია ყაზახეთის პროფესიონალური ლიგის ოფიციალური გვერდის წერილში.