კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს პატიმრობა შეეფარდა
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს პატიმრობა შეეფარდა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 82 წლის ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. ადვოკატი 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობისას თეიმურაზ ბეჟანიძემ განაცხადა, თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა აღნიშნა, რომ დანაშაულისაკენ საკუთარმა უფროსმა უბიძგა.

ამასთან, როგორც ბრალდებულმა განაცხადა, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის, გიორგი გალდავას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

„დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ მან მიბიძგა დანაშაულისკენ. მოკვლის მცდელობა არ მქონია, შეშინება მინდოდა. გავისროლე, ადგა და მხარში მოხვდა. მეტრანახევარში ვიყავი და არ ავაცილებდი, განზრახ რომ მქონოდა მოკვლა დაგეგმილი. შემთხვევით მოხდა. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა. კონდიციონერის პულტი არ მივეცი. ჩემი და მისი ბიჭი მეგობრები არიან. 30 წელია, ერთად ვმუშაობდით.​ კონდიციონერი ჩემი ნაყიდი იყო, გადამიყვანა სხვა კაბინეტში. ოთხი კაბინეტი შემიცვალა, მეორედ ვიყიდე კონდიციონერი. რომ გადამიყვანა, მითხრა, ახალ კონდიციონერს დაგიდგამო. ორი ახალგაზრდა ექიმი შეასახლა. ჩვენ ორნი აღმოსავლეთის მხარეს გადაგვიყვანა, სადაც საშინელი სიცხეა. მე ვუთხარი დაცვას, რომელიც მან გამოაგზავნა, პულტს ვერ მივცემ, ვიდრე კონდიციონერი ჩემს ოთახში არ იქნება. გაბრაზებულმა იურისტს დაავალა, ბრძანება დაეწერა გათავისუფლებაზე. ცუდად გავხდი, რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. იარაღს სახლში არ ვტოვებდი. შვილიშვილები მყავს და სამსახურში კაბინეტში ვინახავდი. ამოვიღე, ავალ, შევაშინებ, იქნებ აღმადგინოს სამსახურში-მეთქი და შენ მემუქრებიო. გავისროლე, ადგა და გაკრა მარჯვენა მხარზე. განზრახ მკვლელობის გეგმა არ მქონია. იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე. მან მიბიძგა დანაშაულისკენ. დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ არა იმ კვალიფიკაციით, რაც მაქვს წარდგენილი. იარაღი გავჭედე, სისხლი რომ დავინახე. დამცველით ჩავკეტე, რომ მეორე გასროლა არ ყოფილიყო“, – განაცხადა თეიმურაზ ბეჟანიძემ.

წინასასამართლო სხდომა 20 სექტემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.