კანაფის შეძენა-შენახვისთვის „გირჩის“ წევრი ნიკა ობოლაძე 500 ლარით დაჯარიმდა
კანაფის შეძენა-შენახვისთვის „გირჩის“ წევრი ნიკა ობოლაძე 500 ლარით დაჯარიმდა

„გირჩის“ წევრი ნიკა ობოლაძე კანაფის შეძენა-შენახვისთვის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

„გირჩის“ წევრს  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. საუბარია 2 მაისს პოლიციის განყოფილებასთან მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ერთ-ერთი პირის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის გაპროტესტების მიზნით, „გირჩის“ წარმომადგენლებმა პოლიციის განყოფილებასთან ქოთანში ჩარგული კანაფი მიიტანეს.

ნიკა ობოლაძემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის კანაფს საერთოდ არ მოიხმარს, ქოთანი კი, სადაც მცენარე იყო დარგული, მხოლოდ რამდენიმე წუთით ეჭირა, ისევე როგორც „გირჩის“ ყველა წევრს. მისივე თქმით, ქოთანი პარტიის ოფისიდან წაიღეს, როგორც პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი.

მოსამართლე ნინო ყანჩაველმა ობოლაძის არგუმენტები არ გაითვალისწინა. მოსამართლის თქმით, შეძენა-შენახვა არ ნიშნავს, ოფიციალური ფორმით ნარკოტიკული საშუალების შეძენას ან პირის მიერ მოხმარებას. მისივე თქმით, მასალებით მას დაუდასტურდა, რომ კანაფი ჰქონდა.

სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოცხადებული ნიკა ობოლაძე გასაჩივრებას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლოს ყველა ინსტანცია აბსურდულ გადაწყვეტილებას მიიღებს.