კანადის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა უკრაინის დასახმარებლად საერთაშორისო ფონდში 24 მილიონ დოლარს გადარიცხავს
კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის განცხადებით, ქვეყანა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ საერთაშორისო ფონდში 24 მილიონ დოლარს ჩარიცხავს.
ფონდი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესყიდვაზე მუშაობს.
უკრაინული მედიის ცნობით, კანადის მიერ ჩარიცხული თანხით ფონდი შეისყიდის ასობით ახლო და შორი მანძილის საზენიტო რაკეტას, რომელიც საჭიროა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად.
როგორც მედია წერს, ამ დახმარების ფარგლებში უკრაინა ასევე მიიღებს AIM-7-ის რაკეტებს, Leopard-ის ტიპის ტანკებს, ჯავშან მანქანებს, საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ს, ზამთრის ეკიპირებას და სხვა საჭირო აღჭურვილობას.
უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფონდი დიდმა ბრიტანეთმა ნორვეგიასთან, ნიდერლანდებთან, დანიასთან, შვედეთთან, ისლანდიასთან და ლიეტუვასთან პარტნიორობით შექმნა.