კანადის საკითხებში ევროპარლამენტის წარმომადგენელი – ევროკავშირ-კანადის „სიყვარულის ისტორიას“ თბილ სიტყვებზე მეტი სჭირდება, დროა, ეს ისტორია კონკრეტულ ვალდებულებებად ვაქციოთ

11:41, 23.10.2026

ევროკავშირ-კანადის „სიყვარულის ისტორიას“ თბილ სიტყვებზე მეტი სჭირდება, – ამის შესახებ კანადის საკითხებში ევროპარლამენტის წარმომადგენელმა, ტობიას კრემერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა კანადისთვის ასოცირებული წევრობის შეთავაზება სრულფასოვან პარტნიორობად უნდა გარდაქმნას, რომელიც ვაჭრობას გაცილებით სცილდება.

როგორც კრემერმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ორივე მხარე მომავალი კვირის ბოლოს მონრეალში, სამიტზე შეხვედრას გეგმავს და მოსალოდნელია, რომ რამდენიმე სფეროში შეთანხმებებს მიაღწევენ, მათ შორის კრიტიკულ ნედლეულსა და ციფრულ თანამშრომლობაზე.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ შესანიშნავად ვწერდით ერთმანეთს სასიყვარულო წერილებს და ვეუბნებოდით, რამდენად გვსურს თანამშრომლობა. ვფიქრობ, დროა, სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ და ეს სიყვარულის ისტორია კონკრეტულ ვალდებულებებად ვაქციოთ“, – აღნიშნა კრემერმა.

მისივე თქმით, კანადისთვის ასოცირებული წევრობა უნდა ნიშნავდეს „ყველაზე მჭიდრო პარტნიორობას, რასაც ევროკავშირი ევროპის გარეთ ქვეყანას სთავაზობს“.

როგორც კრემერმა აღნიშნა, ურთიერთობა „სავაჭრო შეთანხმებაზე“ მეტს უნდა მოიცავდეს.

„ჩვენ უნდა წავიდეთ უფრო შორს და დავიწყოთ ყველა ამ შესანიშნავი ინიციატივის ინტეგრირება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში – კოორდინაციისა და თანამშრომლობის ერთობლივ ინსტიტუციურ ჩარჩოში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

მსგავსი