კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპის კომენტარები აჩვენებს სრულ გაუგებრობას იმისა, რაც კანადას ძლიერ ქვეყნად აქცევს, ჩვენი ეკონომიკა ძლიერია, არასდროს დავიხევთ უკან მუქარის წინაშე
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ გააკრიტიკა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები კანადის აშშ-ის 51-ე შტატად გახდომის შეთავაზების შესახებ.
„არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის კომენტარები აჩვენებს სრულ გაუგებრობას იმისა, რაც კანადას ძლიერ ქვეყნად აქცევს. ჩვენი ეკონომიკა ძლიერია. ჩვენი ხალხი ძლიერია. ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან მუქარის წინაშე“, – უპასუხა ტრამპს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ტრამპმა ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.
„კანადა და შეერთებული შტატები, ეს მართლაც რაღაც იქნებოდა. აღარ იქნებოდა ხელოვნურად გავლებული საზღვარი. ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ: ჩვენ, არსებითად, ვიცავთ კანადას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, გასულ თვეს დონალდ ტრამპმა კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისასაც იხუმრა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.