კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის ესკალაციაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ხუთი ქვეყნის ლიდერი შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებისა და დაუყოვნებელი დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
„„ჰეზბოლას“ თავდასხმები ისრაელზე და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება უნდა შეწყდეს, ისინი უნდა განიარაღდნენ. ჩვენ ვგმობთ „ჰეზბოლას“ გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ირანს საომარ მოქმედებებში, რაც კიდევ უფრო საფრთხეს შეუქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის მუშაკებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ლიბანში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ძალების წინააღმდეგ. ეს ქმედებები მიუღებელია და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად იმოქმედონ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები აცხადებენ, რომ ისრაელის სახმელეთო შეტევას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება.
„ისრაელის მნიშვნელოვან სახმელეთო შეტევას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება და შესაძლოა, გაჭიანურებულ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ეს თავიდან უნდა ავირიდოთ. ლიბანში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია, მათ შორის, მიმდინარე მასობრივი იძულებით გადაადგილების შემთხვევები უკვე ძალიან საგანგაშოა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის სრულად განხორციელებისკენ და მხარს ვუჭერთ ლიბანის მთავრობის ძალისხმევას „ჰეზბოლას“ განიარაღების, სამხედრო საქმიანობის აკრძალვისა და მათი საომარი მოქმედებების შეზღუდვის მიმართულებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლიბანის მთავრობას და ხალხს, რომლებიც კონფლიქტში უნებლიეთ არიან ჩართული“, – წერია განცხადებაში.