კანადის სადაზვერვო სააგენტო აცხადებს, რომ ირანის მხრიდან სასიკვდილო თავდასხმა აღკვეთა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც თეირანი მტრებად მიიჩნევს
კანადის სადაზვერვო სააგენტო აცხადებს, რომ ირანის მხრიდან სასიკვდილო თავდასხმა აღკვეთა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც თეირანი მტრებად მიიჩნევს.
კანადის უსაფრთხოების დაზვერვის სამსახურის დირექტორს, დენ როჯერსს არ დაუსახელებია, თუ კონკრეტულად ვისზე თავდასხმას გეგმავდა ირანი.
„ბოლო წლის განსაკუთრებით საგანგაშო შემთხვევებში მოგვიწია ჩვენი ოპერაციების პრიორიტეტების ხელახლა განსაზღვრა, რათა დავუპირისპირდეთ ირანის სადაზვერვო სამსახურების და მათი წარმომადგენლების ქმედებებს, ვისაც სამიზნედ ჰყავთ ის პირები, რომლებსაც თავიანთი რეჟიმისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. ასეთი ერთზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენი მიზანი იყო კანადაში მყოფი პირების მიმართ პოტენციურად სასიკვდილო საფრთხეების აღმოჩენა, გამოძიება და აღკვეთა“, – განაცხადა როჯერსმა.
როგორც „როიტერი“ წერს, კანადას დაძაბული ურთიერთობები აქვს ირანთან და დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წელს გაწყვიტა. გასულ წელს კანადამ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა, რამაც თეირანის კრიტიკა გამოწვია. კანადის უსაფრთხოების დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა აგენტებმა რუსეთის მიერ კანადური საქონლისა და ტექნოლოგიების უკანონოდ შეძენის მცდელობებიც დაბლოკეს. როჯერსის თქმით, უკანონო რუსული შესყიდვების ქსელები ცდილობდნენ კანადური საქონლისა და ტექნოლოგიების უკანონოდ შეძენას.
„წელს სადაზვერვო სამსახურმა მიიღო ზომები მათ თავიდან ასაცილებლად და რამდენიმე კანადურ კომპანიას აცნობა, რომ ევროპაში დაფუძნებული ფარული კომპანიები, რომლებიც ცდილობდნენ მათი საქონლის შეძენას, სინამდვილეში დაკავშირებული იყვნენ რუს აგენტებთან“, – აღნიშნა კანადის უსაფრთხოების დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.