კანადის პროვინციის, ონტარიოს პრემიერი აცხადებს, რომ აშშ-ის საბაჟო პოლიტიკის საპასუხო ზომებს დააწესებს
კანადის პროვინციის, ონტარიოს პრემიერი აცხადებს, რომ აშშ-ის საბაჟო პოლიტიკის საპასუხო ზომებს დააწესებს

კანადის ერთ-ერთი პროვინციის, ონტარიოს პრემიერ  დაგ ფორდი აშშ-ის საბაჟო პოლიტიკის საპასუხოდ ზომებს იღებს. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.

ფორდმა განაცხადა, რომ პროვინცია გააუქმებს ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან „სტარლინკის“ ხელშეკრულებას, რომელიც გეგმავდა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას დაახლოებით 15,000 სახლისა და ბიზნესისთვის.

გარდა ამისა, პრემიერმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, აშშ-ში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე 25%-იანი დამატებითი გადასახადი დააწესოს.

„ჩვენ გვინდა, რომ ამერიკამ იგრძნოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ფორდმა.

ცნობისთვის, მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა დააწესებს 25-პროცენტიან ტარიფს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ დაიწყება, ხოლო 125 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები 21 დღეში შევა ძალაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევა.