კანადის პრემიერი აცხადებს, რომ მომავალი წლის სექტემბრისთვის შესაძლოა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდეს
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ მომავალი წლის სექტემბრისთვის შესაძლოა, კანადელების უმრავლესობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდეს. ტრუდოს განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენი ექსპერტები ამბობენ, ყველაფერი კარგად თუ წარიმართება, გვაქვს კარგი შანსი, რომ კანადელების უმრავლესობას ვაქცინაცია მომავალ სექტემბრამდე ჩაუტარდეს. ასე რომ, ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ, თუმცა გავაგრძელებთ მუშაობას პროვინციებთან, რათა ყველამ შეძლოს, შეასრულოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ამ რთული ვითარებიდან კანადელების გამოსაყვანად“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.
მისი თქმით, ვაქცინები ჰორიზონტზეა და გვირაბის ბოლოს სინათლეა.
„თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა, რაც შეგვიძლია, რათა უახლოესი თვეები გადავლახოთ“, – აღნიშნა ჯასტინ ტრუდომ.
ამჟამად კანადა კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის პიკში იმყოფება. ხელისუფლების ცნობით, ვაქცინების კანდიდატების დამტკიცება დეკემბერში დაიწყება, დოზების დისტრიბუცია კი, 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. ჯასტინ ტრუდოს თქმით, ვაქცინის დისტრიბუციაში აქტიურად ჩაერთვება ჯარი.