კანადის პრემიერი აცხადებს, რომ აშშ-ის სასამართლოს მიერ ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფების დაბლოკვის გადაწყვეტილება შეესაბამება კანადის პოზიციას, რომ აშშ-ის ტარიფები იყო უკანონო და გაუმართლებელი
კანადის პრემიერი აცხადებს, რომ აშშ-ის სასამართლოს მიერ ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფების დაბლოკვის გადაწყვეტილება შეესაბამება კანადის პოზიციას, რომ აშშ-ის ტარიფები იყო უკანონო და გაუმართლებელი

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აშშ-ის სასამართლოს მიერ ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფების დაბლოკვას მიესალმება.

როგორც კარნიმ კანადის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეესაბამება კანადის პოზიციას, რომ აშშ-ის ტარიფები იყო უკანონო და გაუმართლებელი.

ამასთან, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ კანადისა და აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობებს ჯერ კიდევ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე. ამიტომ, მისი თქმით, კანადა ორიენტირებულია ვაშინგტონთან ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, ასევე ეძებს ახალ სანდო სავაჭრო პარტნიორებსა და მოკავშირეებს მსოფლიოს ფარგლებში.

შეგახსენებთ, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები არაკანონიერად ცნო და დაბლოკა. სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავს.