კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისი - მარკ კარნიმ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს და უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ
კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისი - მარკ კარნიმ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს და უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ტრამპმა კარნის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ლიდერები უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„ლიდერებმა ისაუბრეს კანადისა და აშშ-ის, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მათი ორმხრივი კეთილდღეობისთვის. ამ მიზნით ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში პირადად შეხვდებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კანადაში საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. მან თემთა პალატაში 167 ადგილი მოიპოვა, თუმცა ამჟამად უმრავლესობისთვის საჭიროა 172 ადგილი. ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, სამშაბათს, ღამით გახდება ცნობილი.

„სიბიესის“ პროგნოზით, კარნის ლიბერალურ პარტიას პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი ადგილები არ ექნება. პროგნოზის თანახმად, ლიბერალებს ექნებათ 169 ადგილი, კონსერვატორებს – 142, ახალ დემოკრატიულ პარტიას – შვიდი , კვებეკის ბლოკს – 22, ხოლო მწვანეთა პარტიას – ერთი.