კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი პატივს სცემდა კანადის სუვერენიტეტს
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი პატივს სცემდა კანადის სუვერენიტეტს

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატივს სცემდა კანადის სუვერენიტეტს.

კარნიმ ტრამპთან საუბარი შეაფასა, როგორც „ძალიან კონსტრუქციული“.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი და შევთანხმდით, ფედერალური არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყოთ ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები ორ სუვერენულ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობების შესახებ ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამმა კანადის ლიდერთან საუბარს „უკიდურესად ნაყოფიერი“ უწოდა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საუბრის შემდეგ ტრამპი კანადის მიმართ უფრო პოზიტიურად განწყობილი ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას ყოველთვის უყვარდა კანადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის კანადის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არჩევნების შემდეგ გეგმავს. კანადაში საპარლამენტო არჩევნები 28 აპრილს არის დაგეგმილი.

ცნობისათვის, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ უწოდა კანადას აშშ-ის „51-ე შტატი“, მარკ კარნის წინამორბედ ჯასტინ ტრიუდოს კი – „კანადის გუბერნატორი“.