კანადის პარლამენტმა მიანმარის ლიდერისთვის საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა
კანადის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მიანმარის პირველ სახელმწიფო მრჩეველ აუნ სან სუ ჩისთვის საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. კანადის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფარული კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიანმარის დე ფაქტო ლიდერისთვის კანადის საპატიო მოქალაქეობა ეჭვის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ პარლამენტი ამ საკითხს განიხილავდა. ამასთან, ჯასტინ ტრუდომ დასძინა, რომ საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევა მიანმარში ეთნიკური უმცირესობის, როჰინჯას ხალხის მასშტაბურ დევნას არ დაასრულებს.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის კანადის საპატიო მოქალაქეობა 2007 წელს გადასცეს. მაშინ აღნიშნულ ინიციატივას მხარი კანადის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ დაუჭირა. მოქალაქეობის ჩამორთმევა ამავე გზით უნდა მოხდეს.
საპატიო მოქალაქეობის გაუქმებასთან ერთად, ერთი თვის წინ კანადის პარლამენტმა ანონიმური კენჭისყრის შედეგად, მიანმარში როჰინჯას ხალხის დევნა და მათზე განხორციელებული ძალადობა გენოციდად შეაფასა.
მიანმარის შტატ რაკჰაინში ვითარება 2016 წელს გამწვავდა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და როჰინჯას ხალხს შორის მომხდარ დაპირისპირებებს 400 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 100 ათასობით მუსლიმი როჰინჯა კი, იძულებული გახდა, მეზობელ ბანგლადეშში გაქცეულიყო. თავად ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი, აუნ სან სუ ჩი რაკჰაინის შტატში განვითარებულ მოვლენებს ეთნიკურ წმენდად არ მიიჩნევს.