კანადის მთავრობა რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს
კანადის მთავრობა რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს

კანადის მთავრობა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს. საუბარია 26 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებზე. კანადური მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.

კანადას რომან აბრამოვიჩი შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. კანადის საგარეო უწყების ცნობით, ეს ნაბიჯი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა თავის ახალ უფლებამოსილებას გამოიყენებს სანქციების ქვეშ მყოფი პირების აქტივების დასაყადაღებლად. კერძოდ, უწყების ცნობით, მთავრობა მიმართავს სასამართლოს, მოხდეს აღნიშნული აქტივების დაყადაღება. ამასთან, კანადის მთავრობა ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებული თანხების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას გეგმავს.

როგორც მელანი ჯოლიმ აღნიშნა, კანადა გააგრძელებს რუსეთის რეჟიმზე ზეწოლას.

თავის მხრივ, კანადის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქები ვერ იპოვიან კანადაში თავშესაფარს თავიანთი უკანონოდ მოპოვებული კაპიტალისთვის.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კანადამ 1 500-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს დაუწესა სანქციები.