კანადის მოქალაქეებს, რომლებიც მარიხუანას ინდუსტრიასთან არიან დაკავშირებულნი, შესაძლოა, აშშ-ში შესვლა სამუდამოდ აეკრძალოთ
კანადის მოქალაქეებს, რომლებიც მარიხუანას ინდუსტრიასთან არიან დაკავშირებულნი, შესაძლოა, აშშ-ში შესვლა სამუდამოდ აეკრძალოთ

კანადის მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ მარიხუანას ინდუსტრიაში ან აღნიშნულ სფეროში ინვესტიციას დებენ, შესაძლოა, აშშ-ში შესვლა სამუდამოდ აეკრძალოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico აშშ-ის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადაში 17 ოქტომბრიდან მარიხუანას გაყიდვა ლეგალური ხდება. ხელისუფლების მონაცემებით, აღნიშნული სექტორი შემოსავლის სახით მილიარდობით დოლარს მოუტანს ქვეყანას. ამიტომ კანადელები ახალ ინდუსტრიაში აქციებს უკვე ყიდულობენ. თუმცა, როგორც Politico წერს, კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შესაძლოა, აშშ-სა და კანადას შორის საზღვარზე პრობლემები შეუქმნას იმ მგზავრებს, რომლებიც ნარკოტიკების შესახებ ამერიკულ კანონმდებლობას არღვევენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი საქმიანობა კანადაში ლეგალურია. მართალია, მარიხუანა ნებადართულია აშშ-ის ზოგიერთ შტატში, თუმცა ფედერალურ დონეზე ის აკრძალულია.

საბაჟო და სასაზღვრო დაცვის ამერიკული სააგენტო კვლავ გამოიყენებს აშშ-ის ფედერალურ კანონებსა და ნორმატიულ აქტებს, რომელთა მიხედვით, მარიხუანა აკრძალული ნივთიერებაა, კანაფის ინდუსტრიაში ჩართული პირები კი ნარკომოვაჭრეები არიან, რომლებსაც აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

როგორც აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის საველე ოპერაციების სამმართველოს კომისარმა, ტოდ ოუენმა Politico-სთან საუბარში განაცხადა, თუ საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეები მანქანაში მარიხუანას ნარჩენებს აღმოაჩენენ, მგზავრს დასაკითხად გადაიყვანენ. თუ მგზავრი დაკითხვისას აღიარებს მარიხუანას მოხმარებას, მას აშშ-ში არ შეუშვებენ.

ანალოგიურად, აშშ-ში არ შეუშვებენ კანადის იმ მოქალაქეებსა და ინვესტორებს, რომლებიც მარიხუანას ინდუსტრიაში საქმიანობენ.

„თუ თქვენ ამ ინდუსტრიაში მუშაობთ, ეს არის საფუძველი ქვეყანაში არშეშვებისთვის. ჩვენ არ ვაღიარებთ ამას ლეგალურ ბიზნესად“, – განაცხადა ოუენმა.

ტოდ ოუენის თქმით, აშშ-ში შესვლა აეკრძალათ მარიხუანას ინდუსტრიის ინვესტორებს სხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა, მაგალითად, ისრაელი.

როგორც BBC წერს, ივლისში აშშ-ში შესვლა სამუდამოდ აუკრძალეს ბიზნესმენს ვანკუვერიდან, რომელსაც მარიხუანას მწარმოებელ კომპანიებში ინვესტიციები ჰქონდა ჩადებული.

აშშ-ის იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ აქტში ჩამოთვლილია ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს უარს ეუბნებიან ვიზის მიცემაზე ან აშშ-ში შესვლაზე. კრიტერიუმებს შორისაა ნარკოდამოკიდებულება, ნარკოვაჭრობა, ნარკოვაჭრობის ხელშეწყობა ან აღნიშნული საქმიანობიდან ფინანსური სარგებლის მიღება. აშშ-ში საზღვრის გადაკვეთის დროს მარიხუანას თან ქონა ასევე აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი აშშ-ში უფრო ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მქონე ქვეყნიდან ჩადის.

კანადაში 2001 წლიდან მარიხუანას მოხმარება სამედიცინო მიზნით ლეგალურია. 17 ოქტომბრიდან კი კანადა დიდი შვიდეულის პირველი სახელმწიფო იქნება, სადაც მარიხუანას რეკრეაციის მიზნით გაყიდვა ნაციონალურ დონეზე იქნება ლეგალიზებული.

რაც შეეხება აშშ-ს, ამჟამად რეკრეაციული და სამედიცინო მარიხუანა ლეგალიზებულია რვა შტატში – კოლორადოში, ვაშინგტონში, ორეგონში, მენში, მასაჩუსეტში, ნევადაში, ალასკასა და კალიფორნიაში. თუმცა, ფედერალურ დონეზე ის LSD-ს, ჰეროინისა და ექსტაზის მსგავსად, კონტროლირებად ნივთიერებად რჩება.