კანადის ბოლო ხელუხლებელი შელფური მყინვარი დათბობის გამო კოლაფსირდა — #1tvმეცნიერება
კანადის ბოლო ხელუხლებელი შელფური მყინვარი დათბობის გამო კოლაფსირდა — #1tvმეცნიერება

კანადის უკანასკნელი სრულად ხელუხლებელი შელფური მყინვარი, რომელიც 4000 წლისაა, დაიმსხვრა და მისი ზომა ნახევარზე მეტით შემცირდა. მყინვარისგან გამოცალკევების შემდეგ, ნაჭერი ორად გაიხლიჩა და წარმოქმნა თითქმის მანჰეტენის ზომის აისბერგი.

მკვლევართა განცხადებით, შელფური მყინვარის კოლაფსი სავარაუდოდ კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. ოტავის უნივერსიტეტის გლაციოლოგიის პროფესორის, ლუკ კოპლანდის თქმით, ამ ზაფხულს რეგიონის ტემპერატურა ხუთი გრადუსი ცელსიუსით მეტი იყო 1980-2010 წლების საშუალო მაჩვენებელთან.

მისივე განცხადებით, მყინვარის დამსხვრევაში წვლილი შეაქვს ჰაერის ნორნალურზე მაღალ ტემპერატურას, სანაპიროს მხრიდან მქროლავ ქარებს და ღია წყლებს ყინულების წინ.

შელფის დამსხვრევისას დაიკარგა მნიშვნელოვანი საკვლევი ობიექტიც, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკანასკნელი ეპიშელფი — ერთგვარი მტკნარი ტბა, რომელიც ყინულით არის გადახურული და განთავსებულია ოკეანის წყლების თავზე.

კანადის ყინულის სერვისის სამსახურის ანალიტიკოს ადრიან ვაითის ცნობით, მილნის შელფური მყინვარი 30-31 ივლისს კოლაფსირდა; მდებარეობდა კანადის ნუნავუტის ტერიტორიაზე, კუნძულ ელსმირის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე.

როგორც თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, მყინვარის დაახლოებით 43 პროცენტი დამსხვრეულია და წარმოქმნილია 80 მეტრის სისქის ნამტვრევები.

კოპლანდის განცხადებით, ყინულის ნამტვრევები თითქმის ქალაქის ზომისაა; ეს გახლდათ ბოლო ხელუხლებელი შელფური მყინვარი და სამწუხაროდ, ის ბოლომდე დაიშალა.

მყინვარებისგან განსხვავებით, რომლებიც ხმელეთზეა განთავსებული, შელფური მყინვარები ოკეანეზე ტივტივებს. როგორც წესი, ისინი ასობით ათასლი წლისაა და ზღვის ყინულზე სქელია. მილნის შელფური მყინვარის დამსხვრევამდე ის ზომით ქალაქ ვაშინგტონზე დიდი იყო.

არქტიკა პლანეტის ყველა სხვა ნაწილზე გაცილებით სწრაფად დნება. ყინულის დნობას იწვევს პოლარული გაძლიერების სახელით ცნობილი ფენომენი და მაღალი ტემპერატურა. მაგალითად, პოლარული ყინულის ქუდები დღეს ექვსჯერ სწრაფად დნება, ვიდრე 1990-იან წლებში.

ვაითის განცხადებით, კანადაში, კუნძულ ელსმირის ჩრდილოეთ სანაპიროდან გადაჭიმულია უწყვეტი შელფური მყინვარი, მაგრამ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დათბობა მას ნამსხვრევებად შლის.

მისივე თქმით, 2005 წლისთვის ის ის ბოლო სრული შელფური მყინვარი იყო დედამიწაზე. მეცნიერები მილნს ნაკლებად მოწყვლად მყინვარად მიიჩნევდნენ, რადგან მას მილნის ფიორდი იცავს. თუმცა, მისი ბზარები წლების განმავლობაში იზრდებოდა და საბოლოოდ, კოლაფსირდა კიდეც.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.