კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. გამარჯვებული პარტიის ლიდერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. მოქმედი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო მესამე ვადისთვის იბრძვის.
ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც 2019 წლიდან უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობს, პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ 15 აგვისტოს განაცხადა.
როგორც „როიტერი“ წერს, ბოლო გამოკითხვებით, ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურ პარტიას მთავარი ოპოზიციური, კონსერვატიული პარტია მოსდევს. კვლევებით მესამე ადგილზეა მემარცხენე პარტია „ახალი დემოკრატები“.
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, უმრავლესობის მოპოვების შანსი არჩევნებზე არც ერთ პარტიას არ აქვს, რის შედეგადაც ლიბერალ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ან მის მთავარ მეტოქეს, კონსერვატორ ერინ ოტულს სავარაუდოდ უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევთ.