კანადაში დემონსტრანტებმა დედოფალ ვიქტორიასა და დედოფალ ელიზაბეთ მეორის ძეგლები ჩამოაგდეს
კანადაში დემონსტრანტებმა დედოფალ ვიქტორიასა და დედოფალ ელიზაბეთ მეორის ძეგლები ჩამოაგდეს

კანადაში დემონსტრანტებმა დედოფალ ვიქტორიასა და დედოფალ ელიზაბეთ მეორის ძეგლები ჩამოაგდეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობისთვის განკუთვნილ სკოლა-პანსიონებში ბავშვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით კანადაში საპროტესტო ტალღა იზრდება.

ძეგლების ჩამოგდება კანადის დღის აღნიშვნისას მოხდა. კანადის დღე პირველ ივლისს აღინიშნება და 1867 წელს ბრიტანეთის კოლონიების მიერ ქვეყნის დაარსებას უკავშირდება.

მონარქების ძეგლების ჩამოგდება ბრიტანეთის მთავრობამ დაგმო.

მე-19-20 საუკუნეებში საზოგადოებაში იძულებითი ასიმილაციის მიზნით, კანადაში მკვიდრი მოსახლეობის ოჯახებიდან 150 000-ზე მეტი ბავშვი სკოლა-პანსიონებში იძულებით წაიყვანეს. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ.

სკოლებში სწავლის დროს 6 000-მდე ბავშვი დაიღუპა. მოსწავლეებს ხშირად გზავნიდნენ ცუდად აშენებულ, გათბობის პრობლემის მქონე სკოლებში, სადაც ანტისანიტარიის პრობლემებიც იყო.

არაიდენტიფიცრებული საფლავების აღმოჩენის გამო, კანადის მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში დღესასწაული არ აღნიშნეს და სკოლა-პანსიონებთან დაკავშირებული ფიგურების ქანდაკებები დააზიანეს.

კანადის კონფედერაციის დაარსების დროს ბრიტანეთს დედოფალი ვიქტორია მართავდა.