კანადაში არჩევნების წინასწარი შედეგებით, ჯასტინ ტრიუდოს პარტია ლიდერობს
ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია კანადაში ჩატარებული ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ უმცირესობის მთავრობას ჩამოაყალიბებს.
უმრავლესობის მოსაპოვებლად კანადის პარლამენტის ქვედა პალატის 338 ადგილიდან 170-ის მიღებაა საჭირო. წინასწარი მონაცემებით, ლიბერალები 155 საარჩევნო ოლქში ლიდერობენ. მეორე ადგილზე კონსერვატორები არიან, რომლებიც 121 ოლქში იმარჯვებენ.
აღსანიშნავია, რომ კანადის მილიონზე მეტმა მოქალაქემ ფოსტით მისცა ხმა. აღნიშნულ ბიულეტენებს დღეს დაითვლიან.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც 2019 წლის არჩევნების შემდგომ უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა იმ იმედით, რომ მისი პარტია საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებდა.