კანადამ დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო კოალიციაში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი შეიტანა

15:11, 17.09.2026

კანადამ დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო კოალიციაში  – „გაერთიანებული საექსპედიციო ძალები“ – გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ოფისში განაცხადეს.

„გაერთიანებული საექსპედიციო ძალები“ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ათი წევრი ქვეყნის გაერთიანებაა და სწრაფი რეაგირების სამხედრო პარტნიორობას წარმოადგენს.

„პრემიერ-მინისტრმა კარნიმ განაცხადა, რომ კანადამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი გაწევრიანების შესახებ და მიესალმა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას კანადის ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში მონაწილეობის მიმართ“, – ნათქვამია კარნის ოფისის განცხადებაში.

„როიტერის“ მიხედვით, კანადა, რომელიც უკვე არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, ევროპულ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის დამყარებას ცდილობს, რადგან შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირება სურს.

გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებში შედიან: დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.

ცნობისთვის, მანამდე კანადის პრემიერ მინისტრი ჩრდილოეთ ინგლისში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემს შეხვდა. კარნისა და ბერნემის შეხვედრაზე თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის გლობალური საბრძოლო ავიაციის პროგრამის ფარგლებში. ეს არის მოწინავე გამანადგურებელი თვითმფრინავის პროექტი, რომელშიც კანადა 2026 წლის ივლისში დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო.

მსგავსი