კანადა მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს
კანადა მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ქრისტია ფრილანდი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოტავაში აცხადებენ, რომ ტრაგიკული მოვლენებიდან 10 წლის შემდეგაც კი, 100 000 ქართველი კვლავ დევნილად რჩება, ათასობით მოქალაქეს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ უწევს ცხოვრება.

„რუსეთი აგრძელებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციას, რაც არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვა. ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები კვლავინდებურად არიან კრმინალისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლი. მათ შორის ხშირია გატაცება, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და მკვლელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოტავა მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რათა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

„კანადა ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუშვას ევროპის მონიტორინგის მისიის წევრები საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ეფექტიან კონტროლს რუსეთი ახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კანადის მთავრობა მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ამავე დროს, გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას.

„კანადა ყოველთვის გმობს რუსეთის მიუღებელ ქცევას საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს პარტნიორებთან, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ უკანონო ქცევისთვის. კანადა საქართველოს მხარდამხარ დგას, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ეხება“, – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი