კამპანიას - „ძლიერები არ ძალადობენ“ ლადო ხინჩეგაშვილი, ნინი თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი შეუერთდნენ [ვიდეო]
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და პარამოფარიკავეები, ირმა ხეცურიანი და ნინი თიბილაშვილი, კომპანია PRMC -ის სოციალურ კამპანიას – „ძლიერები არ ძალადობენ“ შეუერთდნენ და სპეციალური მიმართვა ამავე კამპანიის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს.
„სპორტსმენი არასდროს ძალადობს. სპორტსმენი ძლიერია, მაგრამ არავის ჩაგრავს, რადგან ის სწორადაა აღზრდილი. მე ვუერთდები კამპანიას – „ძლიერები არ ძალადობენ“. სპორტი ბულინგის წინააღგმდეგ. შეუერთდი შენც.“ – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი.
ნინი თიბილაშვილი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ეტლით ფარიკაობაში (ხმალი) ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამბობს, რომ მეგობრობა სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანია.
„კონკურენციის მიუხედავად ერთმანეთის მხარდაჭერა სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონების ძალა მეგობრობაშია. იყავი მეგობარი და არა მოძალადე.“ – აცხადებს ის.
პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა, რომელმაც ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო, ახალგაზრდებს მოუწოდა ერთმანეთი არ დაჩაგრონ.
„არ დაჩაგრო, იზრუნე. დახარჯე ენერგია სწორად. ირწმუნე საკუთარი თავის და შენ აუცილებლად გაიმარჯვებ. ჩვენ ვუერთდებით კამპანიას – ძლიერები არ ძალადობენ.“ – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ირმა ხეცურიანი.
სპორტსმენების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კამპანიას უერთდებიან საკმაოდ ვრცელია – გურამ კაშია, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ლაშა ტალახაძე, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ლომაია, რევაზ მინდორაშვილი და გიორგი ასანიძე.
საგულისხმოა, რომ ისინი სამი თვის განმავლობაში, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს მასტერკლასებზე შეხვდებიან და ახალგაზრდებს იმაზე გაესაუბრებიან, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას.