კამბოჯაში მსოფლიოში უდიდესი მტკნარი წყლის თევზი დაიჭირეს — #1tvმეცნიერება
კამბოჯაში მსოფლიოში უდიდესი მტკნარი წყლის თევზი დაიჭირეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერთა განცხადებით, კამბოჯაში, მდინარე მეკონგში მეთევზემ მტკნარი წყლის უდიდესი თევზი დაიჭირა ამ დროისათვის აღრიცხულთა შორის — 300-კილოგრამიანი სკაროსი.

მტკნარი წყლის გიგანტური სკაროსის სიგრძე ცხვირიდან კუდის ბოლომდე ოთხი მეტრია. დაჭერის შემდეგ, ის კვლავ მდინარეში გაუშვეს, თუმცა იქამდე დაუყენეს მოწყობილობა, რომლითაც მის ქცევებს დააკვირდებიან.

ამ დრომდე, მტკნარი წყლის უდიდეს თევზებს შორის რეკორდის მფლობელი იყო 293-კილოგრამიანი ლოქო, რომელიც 2005 წელს ტაილანდში, მდინარე მეკონგში დაიჭირეს.

ექსპერტთა განცხადებით, ჩრდილოეთ კამბოჯაში დაჭერილი გიგანტური სკაროსი დაახლოებით ორჯერ მეტს იწონის, ვიდრე დაბლობის გორილა საშუალოდ.

„ექვს კონტინენტზე, მდინარეებსა და ტბებში გიგანტური თევზების 20-წლიანი კვლევის შემდეგ, ეს გახლავთ მტკნარი წყლის უდიდესი თევზი, რომელსაც ამ დროის განმავლობაში შევხვედრივართ და დაგვიდასტურებია“, — ამბობს ბიოლოგი ზებ ჰოგანი, კვლევითი პროექტის, Wonders of the Mekong-ის მეცნიერი.

მდინარეში გაშვებამდე, სკაროსს აკუსტიკური ტეგი დაამაგრეს, რაც მეცნიერებს ამ მოუხელთებელი არსების ქცევის უკეთესად შესწავლაში დაეხმარება.

მტკნარი წყლის სკაროსი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა. შარშან, კამბოჯის ამავე პროვინციაში, კიდევ ერთმა მეთევზემ ოთხი მეტრის სიგრძის, 180-კილოგრამიანი ინდივიდი დაიჭირა.

მდინარე მეკონგში თევზის ათასზე მეტი სახეობა ბინადრობს; სკაროსი ერთადერთი გიგანტი არ არის, რომელიც მის მღვრიე წყლებში იმალება — იქ ასევე გავრცელებულია გიგანტური ლოქოები და კობრები, რომლებიც სიგრძეში სამ მეტრამდე იზრდებიან და 270 კილოგრამამდე იწონიან.

მეცნიერთა განცხადებით, პლასტიკის ნარჩენები ველურ ბუნებას საფრთხეს მეკონგის ყველაზე ღრმა ნაწილებშიც კი უქმნის, რომ აღარაფერი ვთქვათ მეთევზეების მიერ მიტოვებულ „მოჩვენება ბადეებზე“.

მეკონგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. სათავეს იღებს ჩინეთში და მიედინება სამხრეთით — ტაილანდის, ლაოსის, მიანმარის, კამბოჯისა და ვიეტნამის ტერიტორიებზე; შენაკადებთან ერთად, წყლით უზრუნველყოფს ამ რეგიონში მცხოვრებ 60 მილიონზე მეტ ადამიანს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.