კამათი პრემიერსა და ბოკერიას შორის - ბატონო გიგა, თუ გგონიათ, თქვენი რებრენდინგი ვინმემ დაიჯერა, ძალიან ცდებით

პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლისთან დაკავშირებულ საკითხს კამათი მოჰყვა.

„რას გვთავაზობთ, როგორ უნდა დავაპატიმროთ ოთხოზორიას მკვლელი. იქნებ, გქონდეთ საინტერესო რეცეპტები მის დასაკავებლად აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მან პირველმა მიმართა დე ფაქტო ხელისუფლებას ამ საკითხზე, თუმცა მკვლელობაში ბრალდებული შინაპატიმრობიდანაც გაუშვეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პრემიერს უსაყვედურა, რომ ოთხოზორიას საკითხზე მთავრობას წერილები არ აქვს გაგზავნილი ევროპარლამენტში. თუმცა, როგორც პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნეს, წერილები არსებობს და ისინი საჯაროა.

„ეს არის სპეკულაცია თქვენი მხრიდან, ფორმატი არ ყოფილა, სადაც არ ყოფილიყოს ეს საკითხი დასმული. არცერთი სიტყვა არ არის მიწერილი დაუსაბუთებელი, სადაც მივიდა წერილები. ამ საკითხს რაც შეეხება, უამრავი საერთაშორისო ფორმატია და მოგანიჭებთ მაგ სიამოვნებას, გამოგიგზავნით ინფორმაციას. რაც შეეხება თქვენი თანაპარტიელების ანტისახელმწიფოებრივ მიმოწერას, ამ წერილებს გვაჩვენებენ ხოლმე ჩვენ ევროპარლამენტარები და სამარცხვინო არის, პირდაპირ გეუბნებით. რასაც თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებთ, ეს არის სამარცხვინო“, – განაცხადა პრემიერმა ბოკერიასთან და კანდელაკთან საუბრისას.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია რესურსს ტყუილად ხარჯავს.

„კანდელაკი რაზე ხარჯავს თქვენს რესურსს ამაზე ილაპარაკეთ. რა მიგაჩნიათ სწორად, რომ ქვეყანაში რუსები არიან ხელისუფლებაში? ამას წერს კანდელაკი ევროპარლამენტარებს. მთელ მსოფლიოს გინდათ დააჯეროთ და ვეღარ გაგივიდათ ეგ, იმიტომ, რომ გატეხა სიმართლემ ის ფარდა, რომელიც თქვენ გქონდათ ჩამოშვებული, რომ საქართველოში მოვიდა პრორუსული ხელისუფლება. ეს აღარ გაქვთ სალაპარაკო და რაღაცებს ცდილობთ. რებრენდინგი რომ გაიარეთ, ბატონო გიგა, თუ გგონიათ, თქვენი რებრენდინგი საქართველოში ვინმემ დაიჯერა, ძალიან ცდებით“, – მიმართა პრემიერმა გიგა ბოკერიას.

სხდომისას დაწყებული კამათი მისი დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.