კამალა ჰარისი - მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის დროა
კამალა ჰარისი - მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის დროა.

„მე და პრეზიდენტი ბაიდენი დღე და ღამ ვმუშაობთ, რადგან ახლა არის მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის დრო. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა – ყოველთვის მხარს დავუჭერ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, რადგან ისრაელის მოსახლეობამ აღარასდროს უნდა განიცადოს ის საშინელება, რაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ, სახელწოდებით „ჰამასმა“ ოქტომბერს ჩაიდინა“, – განაცხადა ჰარისმა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის და პრეზიდენტი ბაიდენი მუშაობენ ომის დასასრულებლად.

„ამავე დროს, ის, რაც ხდება ღაზაში ბოლო ათი თვის განმავლობაში, გამანადგურებელია. ამდენი უდანაშაულო სიცოცხლე დაკარგულია, სასოწარკვეთილი, მშიერი ხალხი უსაფრთხოების ძიებაში გარბის. ტანჯვის მასშტაბი გულმოსაკლავია. მე და ბაიდენი ვმუშაობთ, რომ ეს ომი დასრულდეს, ისრაელის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, მძევლები გათავისუფლებული, ღაზაში ტანჯვა დასრულებული და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს ღირსეული ცხოვრების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლებების განხორციელება“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

ასევე კამალა ჰარისი მტკიცე მხარდაჭერას დაჰპირდა უკრაინას. „მტკიცედ ვიდგები უკრაინის და ნატო-ში ჩვენი მოკავშირეების მხარეს“, – აღნიშნა ჰარისმა.

ისევე, როგორც პარტიის ყრილობის წინა დღეები, დასკვნითი შეკრება გარეთ პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.