კამალა ჰარისი - ამერიკის ერთგულება ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი რკინასავით მყარია
კამალა ჰარისი - ამერიკის ერთგულება ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი რკინასავით მყარია

ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს პატივცემული და ნაციონალური საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით, ჩვენ აქ მიუნხენში იმისთვის ვართ, რომ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა ამ პრინციპებისადმი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ერთგულება ნატოს წესების მეხუთე მუხლისადმი რკინასავით მყარია.

„ევროპის უსაფრთხოების საფუძველი დღეს პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას უკრაინაში. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ორი მსოფლიო ომის შედეგად ევროპასა და აშშ-ში გაჩნდა კონსენსუსი. კონსენსუსი წესრიგის და არა ქაოსის, უსაფრთხოებისა და არა კონფლიქტის სასარგებლოდ. ურთიერთობებისა და კავშირების ჩამოყალიბებით, ორგანიზაციების, ინსტიტუტების, კანონებისა და ხელშეკრულებების ჩამოყალიბებით ჩვენ, ყველამ ერთად ჩავაყალიბეთ ნორმებისა და წესების ერთიანობა, რომლებიც მოქმედებს დღემდე და ევროპაში დაისადგურა უპრეცენდენტო მშვიდობამ, სტაბილურობამ, კეთილდღეობამ ძირითადი პრინციპებისადმი ერთგულების შედეგად. აშშ ასევე ერთგულია ამ პრინციპებისადმი, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ მმართველობის ფორმა, რომ ქვეყნებს აქვთ უფლება აირჩიონ თავიანთი ალიანსები, რომ არსებობს განუყოფელი უფლებები, რომლებიც მთავრობებმა უნდა დაიცვან, რომ დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა, რომ ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს პატივცემული, ხოლო ნაციონალური საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. ჩვენ აქ მიუნხენში იმისთვის ვართ, რომ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა ამ პრინციპებისადმი. ამ პრინციპებმა მოგვიტანა მშვიდობა და სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ამის ხერხემალი არის ნატო – უდიდესი სამხედრო ალიანსი მსოფლიოში. როგორც თავდაცვითმა ალიანსმა, ჩვენ ბოლო 75 წლის განმავლობაში ვაკავებდით აგრესიის აქტებს ნატო-ს ტერიტორიის წინააღმდეგ. დღეს, ნება მიბოძეთ მკაფიოდ განვაცხადო, ამერიკის ერთგულება მეხუთე მუხლისადმი რკინასავით მყარია. ეს ერთგულება წმინდაა ჩემთვის, პრეზიდენტ ბაიდენისთვის და მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა.

კამალა ჰარისმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის თავდასხმის გეგმაზე და აღნიშნა, რომ რუსეთი ინტერვენციისთვის საბაბს შექმნის.

„არსებობს რუსეთის აგრესიის გეგმა და ეს გეგმა კარგად ნაცნობია ყველა ჩვენგანისთვის. რუსეთი განაცხადებს უდანაშაულობის შესახებ, ის შექმნის ყალბ საბაბს ინტერვენციისთვის. ჩვენ უკვე გვესმის ცნობები, რაც როგორც ჩანს, პროვოკაციებია, ჩვენ ვხედავთ, როგორ ავრცელებს რუსეთი დეზინფორმაციას, სიცრუეს და პროპაგანდას“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა.

კამალა ჰარისის თქმით, რუსეთი თავისი ქმედებებით კრიზისის დარეგულირების დიპლომატიის შანსებს ამცირებს.

„მათი ქმედებები უბრალოდ არ ემთხვევა მათ სიტყვებს. მე შემიძლია სრულად დარწმუნებულმა ვთქვა, თუ რუსეთი კვლავ განახორციელებს უკრაინაში ინტერვენციას, აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დაუწესებს მნიშვნელოვან და უპრეცედენტო ეკონომიკურ საფასურს“, – აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით სანქციები შეეხება რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს და საკვანძო ინდუსტრიას.