კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა
კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა

კალიფორნია პირველი შტატი გახდა, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ყველაზე დასახლებულ შტატში ბოლო ორი თვის განმავლობაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 005 830-ს შეადგენს, მათ შორის 33 623 პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც „სიენენი“ წერს, კალიფორნიის მასშტაბით გადატვირთულია საავადმყოფოები, სადაც კოვიდინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ. შტატში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 21 ათასამდე შემცირდა, თუმცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხელმისაწვდომი საწოლების რაოდენობა ძალიან დაბალია. „სიენენის“ ცნობით, კალიფორნიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სულ 1 113 საწოლია ხელმისაწვდომი.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის კუთხით, აშშ პირველ ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა ჯამში 398 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.