კალიფორნიის, კოლორადოსა და ნიუ ჯერსის შტატების გენერალური პროკურორები „მეტას“ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის სოციალური ქსელების გარკვეული ფუნქციები მოზარდებზე საზიანოდ მოქმედებს
კალიფორნიის, კოლორადოსა და ნიუ ჯერსის შტატების გენერალურმა პროკურორებმა კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია „მეტა“ გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, კომპანიის სოციალური ქსელების გარკვეული ფუნქციები ბავშვებსა და მოზარდებზე საზიანოდ მოქმედებს და ონლაინ სივრცეში მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს. ოთხი შტატი (კალიფორნია, კოლორადო, კენტუკი და ნიუ ჯერსი) „მეტას“ ადანაშაულებს, რომ კომპანიამ „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“ ისე დააპროექტა, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები პლატფორმებზე მიეჯაჭვა, რამაც, შტატების მტკიცებით, შფოთვა, დეპრესია და თვითმკვლელობის შემთხვევებიც კი გააძლიერა.
„ვამაყობ, რომ ამ ეროვნული ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რათა მოვითხოვოთ პასუხისმგებლობა და სამართლიანობა. ეს ჩვენს შვილებს ეხება, მომავალ თაობას, ჩვენს ბავშვებს. ისინი უსაფრთხო გარემოს იმსახურებენ. „მეტამ“ კანონი დაარღვია. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მას პასუხისმგებლობა დავაკისროთ. ვაპირებთ, გავაგრძელოთ სასამართლო პროცესი და ჩვენი საქმის მტკიცება“, – განაცხადა კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა რობ ბონტამ.
ცნობისთვის, „მეტასა“ და სხვა სოციალურ მედიაკომპანიებს, მათ შორის „სნაპს“, „ტიკტოკის“ მფლობელ „ბაიტდენსს“ და „იუთუბის“ მშობელ კომპანია „ალფაბეტს“, შტატების ხელისუფლებები, მუნიციპალიტეტები, სასკოლო ოლქები და კერძო პირები ათასობით სარჩელს უყენებენ. დავების მთავარი საკითხია, აზიანებს თუ არა მათი პლატფორმები ახალგაზრდა მომხმარებლებს.