კალიფორნიის გუბერნატორი - შტატი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს ეროვნული გვარდიის განლაგებასთან დაკავშირებით, ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება
კალიფორნიის გუბერნატორი - შტატი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს ეროვნული გვარდიის განლაგებასთან დაკავშირებით, ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომმის განცხადებით, შტატი სასამართლოში სარჩელს შეიტანს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ამის შესახებ გუბერნატორმა MSNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

ნიუსომმი აღნიშნავს, რომ ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის განთავსების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება.

„დონალდ ტრამპმა შექმნა ის პირობები, რაც დღეს საღამოს თქვენ ტელევიზორში ნახეთ. მან გაამწვავა ვითარება მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია გამოჰყავდა“, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა.

ნიუსომმა აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის განლაგების ბრძანებამ დაარღვია დადგენილი პროტოკოლები, რომლებიც მოითხოვს შტატების გუბერნატორებთან კოორდინაციას.

„ისინი ჩემთან კოორდინაციაში არ ყოფილან. არსებობს პროტოკოლი, არსებობს პროცესი. მას ეს არ აინტერესებდა“, – განაცხადა ნიუსომმა.

შეგახსენებთ, ლოს ანჯელესში, უკვე მესამე დღეა, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის ბურთულები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. შეტაკებები ასევე მოხდა აქციის მონაწილეებსა და ეროვნული გვარდიის წევრებს შორის.