კალიფორნიელი სენატორი ალექს პადილა აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის პრესკონფერენციიდან უსაფრთხოების სამსახურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს [ვიდეო]

23:44, 12.06.2025

კალიფორნიელი სენატორი ალექს პადილა აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის პრესკონფერენციიდან უსაფრთხოების სამსახურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ, შემთხვევის ამსახველ ვიდეოსთან ერთად, „სიენენი“ ავრცელებს.

„მე ვარ სენატორი ალექს პადილა. მაქვს კითხვები მდივანთან“, – აღნიშნა სენატორმა, როდესაც უსაფრთხოების სამსახურებმა მას დარბაზი დაატოვებინეს.

პადილას ოფისის ცნობით, პრესკონფერენციიდან გაყვანის შემდეგ ის მიწაზე დააწვინეს და ხელბორკილი დაადეს, თუმცა ამჟამად დაკავებული არ არის.

მანამდე პადილა აკრიტიკებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებს კალიფორნიაში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

კრისტი ნოემმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესაუბრა დემოკრატ სენატორს, ალექს პადილას მას შემდეგ, რაც ის პრესკონფერენციიდან უსაფრთხოების სამსახურებმა გაიყვანეს.

„ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა. დავსხედით, 10-15 წუთის განმავლობაში ვისაუბრეთ ლოს ანჯელესში განხორციელებულ ოპერაციებზე, საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ზოგიერთ აქტივობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პროდუქტიული იყო“, – განაცხადა ნოემმა.

მსგავსი