კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მაშველებმა კიდევ ექვსი ადამიანის ცხედარს მიაგნეს. მათი დიდი ნაწილი ქალაქ ფარადაიზის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ქალაქის 95 პროცენტი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიური უბედურების ზონაში ათობით პირი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი 8 ნოემბრის შემდეგ მძვინვარებს. სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარის გამო ვერ ახერხებენ. მასშტაბურმა სტიქიამ ათასობით შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ასობით ათასი ადამიანი ამ დრომდე ევაკუირებულია. 12 ნოემბერს დონალდ ტრამპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.