კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზარდა [ვიდეო]

კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო მსხვერპლთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

კალიფორნიაში, ქალაქ ლოს ანჯელესის მახლობლად ხანძრის ორი მსხვილი კერაა. აქედან ერთ-ერთი ქალაქიდან 70 კილომეტრშია და სამი ათასი ჰექტრის ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლმა 100-ზე მეტი შენობა გაანადგურა.

ხანძრის გამო სტიქიის ზონაში და მის მიმდებარედ დაიხურა სკოლები და დაიკეტა ავტომაგისტრალები. ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, დასახლება სილმარში ცეცხლმოკიდებულ რანჩოდან მაშველებმა 40 ცხენი გადაარჩინეს.