კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - პირდაპირი რეპორტაჟები საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზე #1TVSPORT
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - პირდაპირი რეპორტაჟები საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზე #1TVSPORT

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს იწყება. 2023 წლის პლანეტის პირველობას აზიის სამი ქვეყანა – ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებს. ტურნირის ხილვა საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზე იქნება შესაძლებელი.

FIBA-მ ტურნირის დაწყებამდე სტატია გამოაქვეყნა, სადაც მუნდიალის წინ ყველა საინტერესო დეტალი მიმოიხილა.

მასპინძელი არენები:

ჩემპიონატი 25 აგვისტოს გაიხსნება და პირველივე დღეს ასპარეზობაში 16 გუნდი ჩაერთვება. A და B ჯგუფის გუნდები თავიანთ თამაშებს ფილიპინებზე, SMART Araneta Coliseum-ზე ჩაატარებენ. C და D ჯგუფის ნაკრებები ერთმანეთს Mall of Asia (MoA) Arena-ზე დაუპირისპირდებიან.

ტურნირის პირველი რაუნდის 2 შეხვედრა Philippine Arena-ზე გაიმართება, რომელიც 52 000 მაყურებელს იტევს.

საქართველოს ნაკრები, რომელიც F ჯგუფშია, იაპონიაში, Okinawa Arena-ზე ითამაშებს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. აღნიშნული დარბაზი ასევე მიიღებს E ჯგუფის მატჩებს.

დარჩენილი ორი ჯგუფის, G და H-ის ნაკრებები კი ინდონეზიაში შეიკრიბებიან, Indonesia Arena-ზე.

ტურნირის ფინალური ეტაპი 5-10 სექტემბერს შედგება და ყველა შეხვედრა MoA Arena-ზე ჩატარდება.

ტურნირის ფორმატი:

მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი იასპარეზებს. სულ არის 8 ჯგუფი, ხოლო თითოეულში 4 ნაკრებია. ყოველი ჯგუფიდან 2-2 გუნდი გავა მეორე ეტაპზე, ხოლო დანარჩენები 17 დან 32 ადგილების ჩათვლით გაინაწილებენ პოზიციებს.

მეორე ეტაპზე 4 ჯგუფი დაკომპლექტდება, საიდანაც 2-2 გუნდი მეოთხედფინალში გავა. მაგალითად, თუ საქართველოს ნაკრები F ჯგუფიდან გააღწევს, K ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ასევე ითამაშებენ E ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსნები. აღნიშნული 4 ჯგუფიდან ვერ გასული გუნდები 9-17 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

მოქმედი ჩემპიონი:

2019 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ესპანეთმა მოიპოვა. იმ ტურნირის MVP-ი რიკი რუბიო გახდა, ხოლო ესპანელებმა ფინალში არგენტინის ნაკრები 96:75 დაამარცხეს.

მსოფლიო ჩემპიონატი ციფრებში:

იუგოსლავიისა და აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატი 5-5-ჯერ მოიგეს. ამერიკელებს 2023 წელს აქვთ შანსი, ტურნირის რეკორდსმენები გახდნენ.

საფრანგეთის ეროვნულ გუნდს აქვს კარგი შესაძლებლობა, გაიმეოროს ბრაზილიის, იუგოსლავიის, საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის შედეგი, ზედიზედ მესამედ მოიპოვოს საპრიზო ადგილი. სამფეროვნებმა მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლები 2014 და 2019 წლებში დაისაკუთრეს.

1950 წლიდან ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე (19) მონაწილეობა მხოლოდ აშშ-სა და ბრაზილიას აქვთ მიღებული.

1978 წელს ბრაზილიის ნაკრებმა ჩინეთი 154-97 დაამარცხა. ერთ მატჩში ამდენი ქულა ტურნირის ისტორიაში არცერთ გუნდს ჩაუგდია.

დებიუტანტები:

მსოფლიო ჩემპიონატს 4 დებიუტანტი ეყოლება – საქართველო, ლატვია, კაბო ვერდე და სამხრეთ სუდანი. კაბო ვერდე ჩვენს ეროვნულ გუნდს 26 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ინდივიდუალური სტატისტიკა:

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჯერ სამმაგი დუბლი არცერთ მოთამაშეს შეუსრულებია. 2019 წელს აღნიშნულ მიღწევასთან ორი მოთამაშე იყო ახლოს. სენეგალის წინააღმდეგ ავსტრალიელმა ჯო ინგლესმა 17 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა. 21 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი ჰქონდა გერმანელ დენის შრიოდერს კანადის ნაკრებთან.

საკვალიფიკაციო ეტაპი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის:

გარდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისა, გუნდები პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიებსაც გაითამაშებენ. 2023 წლის ტურნირიდან ოლიმპიადის საგზურს 7 ქვეყანა მიიღებს. 1 საუკეთესო შედეგის მქონე აფრიკული ნაკრები, 2 – ამერიკული, 1 – აზიური, 2 – ევროპული და 1 – ოკეანეთის.