კალათბურთი | საქართველოს ნაკრებმა საკონტროლო მატჩში ლატვია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საკონტროლო ხასიათის იყო, მაინც დიდი ბრძოლა ვიხილეთ, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა – 87:77.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს, 2 ივლისს რიგაში, უკრაინასთან გამართავს. სწორედ ამიტომ გადაწყდა საწვრთნელი შეკრების სწორედ ლატვიაში გამართვა.
როგორც ჩანს, ქართველ კალათბურთელებზე რიგის „ქსიაომი“ არენაზე დაბრუნებამ ემოციურად დადებითი გავლენა მოახდინა. სწორედ ამ დარბაზში დაამარცხა ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა (2025 წელს).
9:0 – ასეთი გაქცევით დაიწყო მატჩი. მართალია, ლატვიელებმა პირველივე მეოთხედში მოახერხეს გადასწრება, მაგრამ პირველი ტაიმი, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოსი იყო. მეორე პერიოდში „ჯვაროსნები“ 18 ქულითაც დაწინაურდნენ (39:21), თუმცა დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 47:39.
რის ხარჯზე მოიპოვეს სტუმრებმა დიდი უპირატესობა? – მიზეზი არაერთი იყო, თუმცა ჩვენ ორს დავასახელებთ: პირველი – დაცვაში კარგი თამაში. მეორე – შეტევაში პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით ტყორცნები. საწყის 15 წუთში საქართველოს ნაკრებს 8-დან 6 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. 4-დან 3 დუდა სანაძეს.
მეოთხე პერიოდში უკეთესად ლატვიელები გამოიყურებოდნენ. მათ მეოთხედი 11:0 გაქცევით დაიწყეს და სტუმრებს 67:65 გაასწრეს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების ჯერი დადგა – რიდს, სანაძეს, ბითაძეს, ბურჯანაძეს კარგად აუბეს მხარი ოჩხიკიძემ ანდრონიკაშვილმა და მატჩიც ჩვენი გუნდის 10-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
ინდივიდუალურად
ცხადია, მწვრთნელი კომბინაციებსაც ამუშავებდა, მაგრამ გაცილებით საინტერესო იყო ინდივიდუალური თემები:
პირველად ითამაშეს ერთმანეთის გვერდით გამთამაშებელმა მარკის რიდმა და გოგა ბითაძემ. გარკვეულ ეპიზოდებში გამოჩნდა, რომ მათ დროთა განმავლობაში კიდევ უკეთ შეუძლიათ ურთიერთქმედება. საბოლოოდ კი ძალიან სასარგებლო წყვილის შექმნა შეიძლება, რომლის შეჩერებაც მსოფლიოს ტოპ-გუნდებსაც გაუჭირდებათ.
თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა ტრავმამოშუშებულმა ბექა ბურჯანაძემ. იგი ძალიან სასარგებლო იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.
პერიმეტრიდან ჩვეულად შედეგიანი იყო დუდა სანაძე, ნაკრებში ზედიზედ მერვე სამქულიანი ჩააგდო ალექსანდრე მერკვილაძემ…
გიორგი ოჩხიკიძის წინამძღოლობით მეტად სასარგებლოდ მუშაობდნენ საქართველოს ჩემპიონატის კალათბურთელები.
ლატვია-საქართველო 77:87
17:29, 22:18, 17:18, 21:22
საქართველო: რიდი (23ქ, 6მ, 8პ), ბურჯანაძე (11ქ), სანაძე (12ქ, 4პ), ბითაძე (18ქ, 8მ, 4პ), ოჩხიკიძე (7ქ), მერკვილაძე (6ქ), ანდრონიკაშვილი (11ქ), ჯინჭარაძე, კობახიძე, ტურძილაძე, ფევაძე.
2 ივლისს მნიშვნელოვანი მატჩია უკრაინასთან. ამ შეხვედრაში ითამაშებს კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც უკვე რიგაშია, თუმცა მწვრთნელებმა გადატვირთული სეზონის შემდეგ ლატვიასთან მატჩში დაასვენეს. ალექსანდრე მამუკელაშვილი კი ამერიაშია და საკონტრაქტო საკითხებზე მუშაობს. რამდენად მოასწრებს 2 ივლისის მატჩამდე ჩამოსვლას, საკითხავია.