კალათბურთი | საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩის დღეს მსუბუქად ივარჯიშა #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩის დღეს მსუბუქად ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია შეუერთდა. 25 თებერვალს ბოლონიაში ჩატარებული ევროლიგის მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ ქართველი ლეგიონერი პირდაპირ დანიაში გაემგზავრა და საღამოს 6 საათისთვის უკვე გუნდთან ერთად იყო. ალექსანდრ ჯიკიჩმა საღამოს ვარჯიში არ ჩაატარა, კაპიტანს და მოთამაშეებს პრინციპული მატჩის წინ განტვირთვის საშუალება მისცა.

უკონტაქტო, ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ორიენტირებული ვარჯიში თამაშის დღეს, დილის 11:30 საათზე გაიმართა, სადაც ნაკრების კაპიტანს ახალი ამერიკელი უკანახაზელის მოედანზე გაცნობის საშუალება მიეცა. არ უვარჯიშია ბექა ბურჯანაძეს, რომელიც დანიასთან მატჩს გამოტოვებს. მან ვარჯიშზე ფეხის ტრავმა მიიღო და ალექსანდრ ჯიკიჩის მიერ დასახელებულ თორმეტკაციან სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩა.

ჩვენი ნაკრები დანიასთან მატჩისთვის:

რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი, გიორგი ოჩხიკიძე, მათე ხატიაშვილი, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გიორგი ტურძილაძე.

დანიის ნაკრების შემადგენლობაში არ არიან ევროლიგის მოთამაშეები – იფე ლუნდბერგი და შევონ შილდსი. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ესპანური „ბრეოგანის“ წევრი ბაკარი დიბა.

მატჩი კოპენჰაგენიდან 20 კილომეტრში, სოფელ ფარუმში მდებარე ამავე სახელწოდების არენაზე გაიმართება, რომელიც 4 000 მაყურებელს იტევს და, სავარაუდოდ, სავსე იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

gbf.ge