კალათბურთი | საქართველოს ნაკრები ტენერიფეზე ესპანეთს დაუპირისპირდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს ნაკრები ტენერიფეზე ესპანეთს დაუპირისპირდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, თბილისის დროით 22:35 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები კუნძულ ტენერიფეზე ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

 

სატურნირო მდგომარეობა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთი ტურია გამართული. საქართველო უკრაინასთან შინ დამარცხდა – 78:92, ხოლო ესპანეთმა დანიაში 74:64 გაიმარჯვა. ამ ოთხი გუნდიდან მომდევნო ეტაპზე სამი გადადის. პირველი წაგების შემდეგ „ჯვაროსნებს“ უკან დასახევი გზა არ აქვთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პირველი ჯგუფური ეტაპიდან მეორეზე ქულების რაც შეიძლება დიდი რაოდენობით უნდა გადავიდნენ.

 

შერმადინი 202

საქართველოს ვეტერანი ცენტრის, გიორგი შერმადინისთვის ეს იქნება ბოლო, 202-ე მატჩი ეროვნულ ნაკრებში. იგი გუნდს 2006-ის შემდეგ ყოველ წელს ეხმარებოდა, მხოლოდ 2014 წელი გამოტოვა ტრავმის გამო.

სხვათა შორის, შერმადინი „ტენერიფეში“ შვიდი წელია, თამაშობს და ტრიბუნაზე უამრავი ესპანელი პირადი ქომაგიც ეყოლება.

 

პარალელი

დაამარცხებს საქართველო ესპანეთს? რთული სათქმელიცაა და რთული შესასრულებელიც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო სამი ურთიერთშეხვედრიდან ორი საქართველომ მოიგო.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ასევე ესპანეთი და უკრაინა იყვნენ. ზაფხულის ფანჯარაში ჩვენი გუნდი ჯერ უკრაინასთან დამარცხდა დიდი ანგარიშით, რამდენიმე დღეში კი თბილისში ესპანეთთან ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

გავიდა სამი წელი და ესპანეთს ევრობასკეტის გახსნით მატჩშიც შეხვდა, მაშინაც წაგებების სერია ჰქონდა და ბევრი არ ელოდა, რომ ქართველები ევროპის მოქმედ ჩემპიონს დაამარცხებდნენ. თუმცა დამაჯერებელი თამაშით „ჯვაროსნებმა“ ესპანეთს 83:69 სძლიეს.

საინტერესო დეტალი: ესპანეთთან ორივე გამარჯვებისას ანგარიში დუდა სანაძემ გახსნა… დაველოდოთ დღევანდელ შეხვედრას, ვინ გახსნის ანგარიშს და ვინ ჩააგდებს გამარჯვების ქულას.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან სულ ხუთჯერ ითამაშა. ანგარიშია 3:2 მეტოქის სასარგებლოდ. ერთი მოგება 2022 წელზე მოდის, როდესაც საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, „თბილისი არენის“ გახსნით მატჩში მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონი ოვერტაიმში დაამარცხა.

მეორე მოგება –  ევრობასკეტი 2025-ის გახსნით მატჩში.

 

ევრობასკეტი 2013. ჯგუფური ეტაპი

09.09.2013
საქართველო-ესპანეთი    59:83
17:17, 12:24, 10:21, 20:21

საქართველო: ცინცაძე (32წთ, 6ქ, 5პ), შერმადინი (25წთ, 10ქ, 4მ), ჰიკმანი (26წთ, 7ქ, 5მ), ფაცაცია (14წთ, 3ქ), სანიკიძე (24წთ, 8ქ, 4მ), მეტრეველი (16წთ, 4ქ, 4მ), ფხაკაძე (2წთ) სანაძე (24წთ, 7ქ, 3მ), ბურჯანაძე (5წთ, 2ქ), ლეჟავა (22წთ, 7ქ, 5მ), ცქიტიშვილი (9წთ, 5ქ, 3მ)

 

მსოფლიოს თასი 2023. შესარჩევი

29.11.2021

ესპანეთი-საქართველო           89:61

23:15, 24:16, 17:10, 25:20

საქართველო: მაზიაშვილი, ფევაძე, მაკფადენი (14ქ, 5მ, 5პ), ბურჯანაძე (14ქ), შერმადინი (21ქ, 9მ), ფხაკაძე (2ქ), ჯინჭარაძე (8ქ), ტურძილაძე (2ქ), კორსანტია, ბერიშვილი, ბაქრაძე.

 

მსოფლიოს თასი 2023. შესარჩევი

04.07.2022

საქართველო-ესპანეთი           82:76 დ.დ.

15:14, 22:17, 7:16, 23:20, 15:9

საქართველო: ანდრონიკაშვილი (17ქ), მაკფადენი (16ქ, 8პ), სანაძე (8ქ), შენგელია (12ქ, 10მ, 7პ), შერმადინი (18ქ, 5მ), ჯინჭარაძე (3ქ), ბურჯანაძე (3ქ), ბექაური (5ქ), ბოქოლიშვილი, ბაქრაძე (1ქ).

 

ევრობასკეტი 2022. ჯგუფური ეტაპი

03.09.2022

საქართველო-ესპანეთი           64:90

16:18, 15:22, 16:31, 17:19

საქართველო: ანდრონიკაშვილი (13ქ), მამუკელაშვილი (10ქ, 9მ, 3პ), ჯინჭარაძე (2ქ), მაკფადენი (6ქ), სანაძე (9ქ), ბერიშვილი (3ქ), შერმადინი (10ქ, 6მ), ბურჯანაძე (6ქ), ბექაური, ბოქოლიშვილი (5ქ), ცინცაძე, ბითაძე.

 

ევრობასკეტი 2025. ჯგუფური ეტაპი

27.08.2025

საქართველო-ესპანეთი 83:69

20:17, 17:18, 20:14, 26:20

საქართველო: ანდრონიკაშვილი (2ქ), მამუკელაშვილი (19ქ, 7მ, 6პ), ბურჯანაძე (7ქ, 7მ), შერმადინი (4ქ, 7მ), სანაძე (11ქ), შენგელია (13ქ), ბითაძე (15ქ, 5მ), ბოლდუინი (12ქ, 3პ), ოჩხიკიძე.