კალათბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე მატჩი გამართა. ამჯერად ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე შვედეთი იყო, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 77:67 დაამარცხა.

მატჩი ქართველთა დიდი უპირატესობით დაიწყო – ლევან ქვარცხავასა და ვლადიმერ თავაქარაშვილის აქტიურობით 10:0 დაწინაურდა, თუმცა შვედებმა მალევე მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება და უმთავრესად ფარზე ეფექტური თამაშის წყალობით პირველივე მეოთხედში დაწინაურდნენ.

დიდი შესვენებაზე სკანდინავიელები მინიმალური უპირატესობით გავიდნენ – 35:34. მესამე პერიოდი კი ქართველებისთვის მეტად წარუმატებელი გამოდგა – სტუმრებმა პირველივე წუთებზე 16:2 გაქცევა მოაწყვეს, ხოლო პერიოდის ბოლოს, მაშინ, როდესაც სირენამდე 3 წამი რჩებოდა, ბურთი საკუთარი მოედნიდან ჩააგდეს.

მეოთხე პერიოდში დიდი მცდელობის მიუხედავად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

19 ქულით საქართველოს ნაკრების ბომბარდირი ვლადიმერ თავაქარაშვილი გახდა, რომელმაც 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. შვედეთში კი 16 ქულითა და 16 მოხსნით ბო კლინტმანი გამოირჩა.

ასე და ამგვარად, ორი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს თითო მოგება-წაგება აქვს. მომდევნო მატჩს 19 ივლისს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.