კალათბურთი | ქართველების სამი მატჩი და ორი გამარჯვება ესპანეთში #1TVSPORT
კალათბურთი | ქართველების სამი მატჩი და ორი გამარჯვება ესპანეთში #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, ბექა ბურჯანაძემ, თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა.

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ბრეოგანი“ მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 100:85.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 20 წუთი ითამაშა, 7 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი ჩაიწერა.

95:79 მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ გიორგისვე ყოფილ კლუბ „უნიკახასთან“.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტოში და ტრადიციულად შედეგიანი იყო: 23 წუთი, 15 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი. მის ანგარიშზე 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმოა.

ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ „ლეიდას“ ესტუმრა და 90:99 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა 11 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 4-დან 3 საჯარიმო და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო.