კალათბურთი | მერკვილაძის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანით „გრონინგენმა“ ბელგიური „ლიოვენი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

09:34, 07.10.2026

ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ჩემპიონატში (BNXT League) „დონარ გრონინგენმა“ მორიგი, რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა – 81:78.

ბელგიურ „ლიოვენთან“ მატჩის დასრულებამდე წამი რჩებოდა, ტაბლოზე კი ფრე – 78:78 ფიქსირდებოდა, როდესაც მერკვილაძემ ბურთი საკუთარ ფართან მიიღო, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შორეული სამქულიანით ადგილობრივი გულშემატკივარი ძალიან გაახარა.

ალექსი ჩვეულად სასტარტო ხუთეულში იყო და, ამ ისტორიული ეპიზოდის გარდა, მთელი შეხვედრის განმავლობაში საკმაოდ პროდუქტიულად იასპარეზა: 29 წუთში აქტივში 16 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

შედეგად, მერკვილაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა. ამ მაჩვენებლით ის თავის გუნდში მხოლოდ ბრენდონ ბერგსმას ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა.

ამ მოგებით „გრონინგენი“ BNXT ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. განრიგის მიხედვით, მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს ისევ მშობლიურ არენაზე ბელგიური „შარლერუას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი