კალათბურთი | მარკის რიდი - საქართველოს ნაკრების საფრანგეთთან თამაშს რომ ვუყურე, გაკვირვებული დავრჩი [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს – მარკის რიდი. იგი თურქულ „ტრაბზონსპორში“ თამაშობს და ჩვენს ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაეხმარება.
მისი დებიუტი 27 თებერვალს დანიასთან სტუმრად გასამართ მატჩში შედგება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:30 საათიდან შემოგთავაზებთ.
„როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაში შემომთავაზეს, ამ ქვეყანას არ ვიცნობდი. თუმცა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან მატჩს რომ ვუყურე, გაკვირვებული დავრჩი. სწორედ საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლა დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. ძლიერი გუნდია, კალათბურთელები ერთმანეთთან კარგად არიან შეწყობილები.
რადგან ამერიკის ნაკრებში გამოსვლის საშუალება არ მაქვს, მინდოდა, სხვა ნაკრების სახელით მეთამაშა. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლებ, შემდეგ – ოლიმპიადაზე.
საქართველოს ნაკრებში ყველა გულითადად შემხვდა, მაღალი დონის კალათბურთელები გვყავს. მწვრთნელი ძალიან კარგი სპეციალისტი და ადამიანია. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა ვიაროთ. ახლა დანიასთან გვაქვს ორი მატჩი მოსაგები, შემდეგ, ზაფხულში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის“.