კალათბურთი | „გრიფინმა“ „ლიბერთის“ ფინალური სერია გაუთანაბრა #1TVSPORT
საკალათბურთო „ა“ ლიგის ფინალური სერია გათანაბრდა. „გრიფინმა“, რომელმაც სერიის პირველი შეხვედრა შინაურ კედლებში 32 ქულით წააგო, მეორე დღეს რეაბილიტირება შეძლო, სავსე და ხმაურიან კასპი არენაზე, რაც გააჩნდა, ყველაფერი გაიღო და გამარჯვებას მიაღწია. „გრიფინმა“ „ლიბერთი“ 73:63 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
სერიის პირველი მატჩის შემდეგ, შესაძლოა, ბევრმა იფიქრა, რომ გამარჯვებულის ვინაობა გარკვეულია. ცხადია, ნებისმიერი გუნდი მეტოქეს 32 ქულით რომ ამარცხებს, წაგებულის ფანატიკური ქომაგი უნდა იყო, მისი საბოლოო მოგების რომ ბრმად გჯეროდეს. ამ მომენტისთვის პირველ შეხვედრაში იოლი გამარჯვების გამო მაინც ფავორიტად მაინც „ლიბერთი“ რჩება, თუმცა ფაქტი ისაა, რომ სერიაში ანგარიში თანაბარია. ყველაფერი თავიდან იწყება და ამას იქით, რომელი გუნდიც ორ გამარჯვებას მოიპოვებს, ჩემპიონი და სუპერლიგის საგზურის მფლობელიც ის იქნება.
პირველი და მეორე მატჩები ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდებოდა. რამხელა მნიშვნელობა აქვს განწყობას და თამაშის წასვლას. საწყის შეხვედრაში „ლიბერთის“ გამთამაშებელმა, კევონ ვოილსმა 32 ქულა მიითვალა, მეორეში კი საწყისი 9 სროლა გააცუდა. თამაში მძიმედ დაიწყო და ეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარეობდა. დაცვაზე მეტი ყურადღება და შეცდომები შეტევაში. ეს დიდი მნიშვნელობის მატჩების დამახასიათებელი ნიშნებია და ასე იყო კასპი არენაზეც – პირველი პერიოდი კასპელებმა 14:13 მოიგეს, თითოეული ბურთის ჩაგდება დიდი ძალისხმევის შედეგი იყო ორივე გუნდისთვის.
საჯარიმოებით ადრიანად დაიტვირთნენ ორივე გუნდის მაღლები, რითაც მეტი გასაქანი უკანახაზელებს მიეცათ. ალექს მეთიუსი კასპელთა მთავარ იმედად დარჩა მას შემდეგ, რაც „გრიფინს“ მეორე ლეგიონერი, კამანი დაუთი ტრავმის გამო გამოაკლდა. მისი ძალისხმევით „გრიფინი“ ლიდერობას კბილებით ინარჩუნებდა. ცხადია, მეთიუსი ვერას გახდებოდა, რომ არა თანაგუნდელები. ვახტანგ გოგბერაშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა ჩაგდებულმა ბურთებმა ბოლო პერიოდში „გრიფინს“ ლიდერობა შეანარჩუნებინა და საერთო საქმე გააადვილა.
მატჩის გადამწყვეტ ეპიზოდში კასპელები არ გატყდნენ. მოდუდუნე დარბაზის გასახარად მეთიუსმა ბოლო წუთებზე ისეთი ბურთები ჩააგდო, „ლიბერთის“ შანსი არ დაუტოვა. და მაინც, ლიბერთიმ საკუთარი შეცდომების გამო წააგო, რაც შეტევაში უფრო მეტი დაუშვა, ვიდრე დაცვაში.
მატჩის საუკეთესო ალექს მეთიუსმა საბოლოოდ 24 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 20 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა დანიელ რენსომს. ვახტანგ გოგბერაშვილმა მატჩი 15 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. „ლიბერთიში“ საუკეთესო შედეგი ჰქონდა რაჰიმ ჯონსონს, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით, 12 მოხსნითა და 4 დაფარებით დაასრულა.
ფინალური სერია დედაქალაქში გადმოდის, სადაც, თბილისი არენაზე მატჩები 6 და 7 აპრილს გაიმართება.
gbf.ge