კალათბურთი | გიორგი შერმადინის 18 ქულა 18 წუთში #1TVSPORT
„ტენერიფემ“ ევროთასზე მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი შერმადინის გუნდი ამჯერად ლონდონს ესტუმრა და „ლაიონსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 77:89 დამარცხდა.
თანაგუნდელთა შორის ქართველი ცენტრი საუკეთესო იყო. მან 18 წუთში ამდენივე ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგის ანგარიშზე 7-დან 7 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო იყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა.
ლონდონელთა გამარჯვება, უმთავრესად, ტომას კენედის დამსახურებაა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო.
რვაგუნდიან B ჯგუფში ექვს გუნდს თითო მოგება-წაგება აქვს. მათ შორისაა „ტენერიფე“, რომელიც მომდევნო მატჩს ევროთასზე 14 ოქტომბერს „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.