საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი კორსანტია ესპანურ „გიპუსკოაში“ ჩაირიცხა. ეს გუნდი ესპანეთის რიგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, გასულ სეზონში მეოთხედფინალში „ესტუდიანტესთან“ დამარცხდა.
„გიორგი კორსანტია „ქუთაისთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. იგი, საშუალოდ, 20 ქულასა და 12 მოხსნას აგროვებდა.
იგი საქართველოს ნაკრების წევრია, ითამაშა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპისა და ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს მატჩები“, – ვკითხულობთ სან-სებასტიანის კლუბის ოფიციალურ საიტზე.
შეგახსენებთ, რომ „გიპუსკოა“ ქართველებისთვის უცხო კლუბი ნამდვილად არ არის. მასში თამაშობდნენ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ბექა ბურჯანაძე და დუდა სანაძე.