კალათბურთი | დიღმის არენაზე ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი დაიწყო #1TVSPORT
დიღმის არენაზე სტარტი აიღო ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურმა ტურნირმა. მასში ცხრა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც სამ ჯგუფად არიან გაყოფილნი.
9 იანვარს სამი მატჩი გაიმართა. A ჯგუფისა და მთლიანად ტურნირის მასპინძელმა ვსა-მ „რუსთავი“ მიიღო და 96:85 დაამარცხა. თბილისელთა გამარჯვებაში 19-ქულიანი წვლილი შეიტანა დემარი კინგმა, 16-16 ქულა ჩააგდეს ლუკა ლიკლიკაძემ და ლუკა კალატოზიშვილმა. რუსთაველთა რიგებში კი ვახტანგ გაფრინდაშვილი (22 ქულა) და მონტეს მატისი (19) გამოირჩნენ.
B ჯგუფში თსუ-მ „რაშს“ სძლია – 95:76. საინტერესოა, რომ გამარჯვებულთაგან ერთბაშად 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ნიშნულს. ყველაზე მეტი, 15 ქულა ქუენტინ ჰარდრიქტმა ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი კი „რაშის“ ლეგიონერი ანდრე ვეირი (20) გახდა.
C ჯგუფი გამარჯვებით გახსნა ზესტაფონის „მარგვეთმა“, რომელმაც „გურჯაანი“ 86:80 დაამარცხა. იმერული გუნდის გამარჯვება გიორგი კობახიძის (16 ქულა), დელტონ ბენქსისა (14) და გიორგი შალიკიანის (14) კარგმა თამაშმა განაპირობა. „გურჯაანის“ ბომბარდირი შამარკუს კენედი გახდა – 24 ქულა.
10 იანვარს ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე ითამაშებენ:
რაში-ორბი, ივერიონი-რუსთავი, ქუთაისი-გურჯაანი.