კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძის ექვსი სამქულიანი პოლონეთში #1TVSPORT
ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგის (ENBL) სადებიუტო ტურში ალექს მერკვილაძის „დონარ გრონინგენი“ პოლონეთს ეწვია და „ანვილთან“ 81:97 დათმო.
მიუხედავად გუნდური მარცხისა, ქართველი ფორვარდი მოედანზე უდავოდ გამორჩეული ფიგურა გახლდათ.
მერკვილაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 38:22 წუთში 22 ქულას მოუყარა თავი (რაც მის გუნდში უმაღლესი მაჩვენებელი აღმოჩნდა). ალექსმა შორი დისტანციიდან განსაკუთრებული სიზუსტე გამოავლინა და 11-იდან 6 სამიანი მოათავსა კალათში. მის აქტივში ასევე 7 მოხსნა (რითაც ასევე პირველი იყო თანაგუნდელებს შორის), 3 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
„დონარ გრონინგენი“ B ჯგუფის მორიგ ტურში ძალებს ესტონურ „ტალ ტეკთან“ მოსინჯავს. აღსანიშნავია, რომ A ჯგუფში ასპარეზობს ქართული „კავკასია“ (CIU), რომელიც სადებიუტო მატჩს 29 სექტემბერს, ხორვატიაში, ზაგრების „დუბრავას“ წინააღმდეგ გამართავს.
ნიდერლანდურმა კლუბმა მიმდინარე სეზში პირველი ოფიციალური მატჩი ქვეყნის სუპერთასზე „ზვოლესთან“ გამართა და მოულოდნელად დამარცხდა.
„ტალ ტეკთან“ დაპირისპირების შემდეგ, 2 ოქტომბერს, „გრონინგენი“ ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებულ ჩემპიონატშიც (BNXT League) ჩაერთვება, სადაც პირველი მეტოქე ბელგიური „კორტრეიკი“ იქნება.