კალათბურთი | ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ ჯიკიჩს კონტაქტი ორი წლით გაუხანგრძლივდა. უფრო კონკრეტულად, განახლებული ხელშეკრულებით, სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2027 წლის 30 სექტემბრამდე გაწვრთნის. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, რომელმაც 2024 წლის დასაწყისში ჯიკიჩს კონტაქტი გაუფორმა, მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
ამოსავალი წერტილი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული ასპარეზობა გახლდათ. ალეექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ჩვენმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა და ეს მთლიანობაში ზედიზედ მეექვსედ მოახერხა. წინა ხელშეკრულებით, სერბ სპეციალისტს ევრობასკეტზე გასვლის შემთხვევაში კონტაქტი ევროტურნირის დასრულებამდე ჰქონდა და გადაწყდა, მასთან თანამშრომლობა მომდევნო ციკლზეც გაგრძელებულიყო.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება, კვლავ ჯიკიჩი უხელმძღვანელებს. მსოფლიოს საკვალიფიკაციო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, 2027 წლის აგვისტო-სექტემბერში ფინალური ეტაპი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ჩვენს ნაკრებს სწორედ ჯიკიჩი უხელმძღვანელებს.
მან სამწვრთნელო კარიერა 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ის პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის პარტიზანში მთავარი მწვრთნელების (ნენად ტრაიკოვიჩი, დარკო რუსო, დუშკო ვუიოშევიჩი) ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს ალექსანდარ ჯიკიჩი NBA-ში გადავიდა და მინესოტა ტიმბერვულვზში დუეინ კეისის ასისტენტი გახდა. ჯიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც NBA-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა.
მინესოტაში 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს ჯიკიჩი ევროპაში დაბრუნდა და ლიუბლიანის „ოლიმპიის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. მან სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო – ორჯერ „ოლიმპიაში“, ხოლო შემდეგ კიდევ ორჯერ – ნოვო მესტოს კრკა-ში. ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. 2022-2023 წლების სეზონში, ჯიკიჩის წინამძღოლობით, „ჰაპოელმა“ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ ტელეკომთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა „ლიეტუვოს რიტასს“ (ლიეტუვა), „პარტიზანს“ (სერბეთი), „ბუდუჩნოსტს“ (მონტენეგრო), „ესტუდიანტესს“ (ესპანეთი) და „ჰაპოელს“ (ისრაელი). სანაკრებო დონეზე ჯიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (2014-2015) გაუწვრთნია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
GBF.GE